საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ დაგეგმილი კანონპროექტების განხილვაზე რა ერთობლივი გეგმა ექნება ოპოზიციის ნაწილს, ამ საკითხზე პარლამენტში, ფრაქცია „ლელოს“ კაბინეტში ოპოზიციონერი დეპუტატები მსჯელობენ. მათი შეფასებით, წინააღმდეგობა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს ხვალინდელ სხდომაზე, სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ დღეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციას ერთიანი გეგმა ჰქონდეს.

„დღევანდელი შეხვედრა ეხება რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციას. ხვალ არის იურიდიული კომიტეტის სხდომა. მალევე აპირებენ პლენარულ სხდომაზე გატანას და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ერთიანი მიდგომა, რაც ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას პირველი საკომიტეტო მოსმენების დროს. მიზანი არის, რომ მუხლობრივ განხილვაში არ შევიდეთ, მთლიანად პრინციპი და იდეაა ამ ქვეყნისთვის დამანგრეველი. ეს კანონი არის რუსული და პუტინისტური, რადგან მისი მიზანია, ქვეყანაში თავისუფალი აზრი ჩაახშოს, დაღი დაასვას ყველა იმ ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობდა, იყო ბრძოლაში ამ ხნის მანძილზე და აპირებს მომავალშიც იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდეს ერთიანი გეგმა.

ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ. იმიტომაც ვიკრიბებით, რომ შევათანხმოთ, ვის რა ხედვა აქვს. ჩემთვის მთავარი მიზანი ამ საკომიტეტო მოსმენების დროს არის, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს. ჯერ ჩვენ არ მოგვიწოდებია საზოგადოების თითოეული წევრისთვის ის ინფორმაცია ისე, რომ მასობრივად ადამიანები ხვდებოდნენ, რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა. ამიტომ საკომიტეტო მოსმენებიც გამოსაყენებელია ამისთვის. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იძალადებს საკომიტეტო მოსმენის დროს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დეტალურად ავუხსნათ პრინციპი, რამდენად დამანგრეველია. ეს უნდა ხდებოდეს ყველა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, – განაცხადა სამნიძემ.

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა მისთვის ჯერ უცნობია.

„ფაქტობრივად, წელიწადი გავიდა, რომ ოპოზიცია ერთად შეკრებილი შეხვედრაზე არ მინახავს. ვიდრე ამ ხალხს ერთად არ ვნახავ, როგორ შეიძლება, რას ვაპირებ, ის ვთქვა. ჯერ ამ ხალხს უნდა დაველაპარაკო, მათგან მოვისმინო, რა ჭკუაზე არიან და რა უნდათ ზოგადად. მთავარია, რაღაც გინდოდეს და თუ რაღაც მართლა გინდა, მერე ადვილად იპოვი იმ გზას. ჩვენ ჩვენი პროტესტი გვაქვს. 11 მარტს გვაქვს აქცია იძულებითი მონობის წინააღმდეგ. ჩვენ ძირითადად იქ ვართ გადართულები, მაგრამ როგორც შეგვეძლება, დავეხმარებით ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს. მთავარია, მათ რამე უნდოდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე ხვალ იმსჯელებს.