საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდეს
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, აქციას შეუერთდეს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს ხმას თავისუფალი სამყაროს ფარგლებში და ჩვენი საქმით შევიტანთ წვლილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვართ თავისუფალი ერის სახელმწიფო და ოქტომბერში რეფერენდუმზე დავამტკიცებთ ამას.
საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპროტესტებენ.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას და კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ოთხი იყო.