საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
როგორც ოპოზიციონერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე დროებით ღონისძიებას მიიღებს.
„საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „რუსული კანონი“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად. 38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინიc უერთდებიან ამ სარჩელს.
მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ „რუსული კანონის“ გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს.
მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78 მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ. არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს
ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს“.
„გარდა იმისა, რომ რუსული კანონი არღვევს არაერთ საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის პარტიამ გზა ჩაუხერგა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ. სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური დაკვეთით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია მათ შორის იმპიჩმენტის საკითხში პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.