კობა ნარჩემაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. მან ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ დატოვა და ამის შესახებ ბიუროს აცნობა.
პარლამენტის ბიურომ ასევე მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ კობა ნარჩემაშვილმა 2019 წლის 5 მარტს საპარლამენტო უმრავლესობაც დატოვა.
ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ სხვა წევრებმაც დატოვეს. გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურისა და კობა ნარჩემაშვილის შემდეგ, ფრაქციიდან გავიდნენ სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი. მახათაძე და მუჩიაშვილი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ. სოციალ-დემოკრატებიდან გავიდა და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა ფრაქციის კიდევ ერთი წევრი რუსლან პოღოსიანი. ამით ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ- დემოკრატები“ დაიშალა.
ამასთან, ცვლილებებია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ სხვა ფრაქციებშიც. ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ დატოვა იოსებ მაკრახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველები“-ს წევრი გახდა. მრეწველების ფრაქცია დატოვა შოთა შალელაშვილმა, რომელიც ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა.
პარლამენტის ბიუროს მიმართა „საქართველოს პატრიოტებმა“-ც და აცნობა, რომ ფრაქცია დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ დატოვა.
ცვლილებებია საპარლამენტო კომიტეტებშიც. პარლამენტის ბიურომ დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართვა მიიღო დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. ამასთან, იურიდიულ კომიტეტს ტოვებს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შედის დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
ასევე, ბიურომ მიიღო კობა ნარჩემაშვილის მიმართვა, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ.