საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს მართავენ
საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს მართავენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ნატო-ს შტაბბინაში, საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარმენ რომეროს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე და მისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს.

„შეხვედრაზე ასევე ყურადღება ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ მიმდინარე ღონისძიებაზე და აღნიშნული მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.