საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგში, როგორც მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრები, ასევე, იგეგმება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე.
„გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ძლიერი პარტნიორია. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გერმანიიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, პირველ ყოვლისა, ბუნდესტაგის დონეზე. გერმანიის მხარდაჭერა დიდ და პოზიტიურ როლს თამაშობს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.