საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ზაგრებში შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დომოგოი ჰაიდუკოვიჩთან, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის თავმჯდომარესთან, ერიკ ფაბიანიჩთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიანა პეტირთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დავორ დრეტართან.
შეხვედრებისას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს. საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხორვატიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა.
ვიზიტის ფარგლებში 2022 წლის 9 ივნისს საქართველოსა და ხორვატიის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხი განიხილეს. აღნიშნულ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ხორვატიული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელების საჭიროება.
შეხვედრებისას ხორვატიის მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა და პარტნიორობისთვის გაძლიერების და სხვადასხვა სფეროებში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული; ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.