საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებენ.
დღეს გამართულ შეხვედრაზე 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის ხელისუფლების მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ერთობლივი განცხადების ტექსტი შეიმუშავა, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია ქვეყნისთვის სახიფათო გზავნილებს შეიცავს და ეროვნულ ინტერესებს ასუსტებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ თემაზე არსებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად პრემიერი მარტის თვეში პარლამენტში უნდა მივიდეს და დეოკუპაციის პოლიტიკასა და რუსეთთან ურთიერთობებზე პოლიტიკურ დებატებში მიიღოს მონაწილეობა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით უნდა შეიქმნას სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჟენევის მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ მოხდება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ ან დახურულ ფორმატში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციით უნდა გაძლიერდეს შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. განცხადების მხარდამჭერი პარტიები ამავდროულად მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საკანონმდებლო ორგანომ დროულად მიიღოს რეზოლუცია და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.