დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათისთვის მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად, სადაც სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, მათ 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უკვე დაიწყეს ამომრჩევლების მომსახურება.
დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში 254 საარჩევნო უბანზე, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
შესაბამისად, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ორი ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური ან მერების რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ სამ ბიულეტენს, ხოლო აჭარის რეგიონში – ოთხ ბიულეტენს: ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.
„ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან, მას საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე, მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
ამომრჩეველს საარჩევნო უბნის შესასვლელთან დახვდება დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი. ამასთან, საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალამი.
აქვე, მინდა, შევახსენო ამომრჩევლებს, რომ სურვილის შემთხევაში, მათ საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკო-ს ვებგვერდით, სადაც ონლაინ შეძლებენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, ჟესტურ ენაზე, ვიდეოზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და ხუთი საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.
ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს, უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს ორი დამკვირვებელი, რომლებსაც ახლავთ თარჯიმანი, მედიაორგანიზაციებს ორი წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – ერთი წარმომადგენელი.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. ცესკო-ში აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება, შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. ცესკო-ში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ხმის მიცემა ფარულია. კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.
„გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა (ეგზიტპოლი) ტარდება საარჩევნო უბნებთან, კენჭისყრის პროცესის პარალელურად, მას შემდეგ რაც კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს, ამომრჩეველთან ინტერვიუს და გასაუბრების გზით.
დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.