საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

73 საარჩევნო ოლქიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი დედაქალაქში, სამგორის საარჩევნო ოლქშია რეგისტრირებული – 150 203, რეგიონებში კი – აჭარაში, ბათუმში – 154 357 ამომრჩეველი. ყველაზე მცირე ამომრჩევლიანი ოლქი – ლენტეხია – 5 795 ამომრჩევლით, დედაქალაქში კი – მთაწმინდა – 5 3540 ამომრჩევლით.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.

ცესკო-ს ცნობით, წელს პირველად მისცემს ხმას 135 922 ახალგაზრდა, რომელიც საარჩევნო ხმის უფლების მქონე გახდა.

ამასთან, საქართველოს გარდა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენს. 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სულ 18 საარჩევნო სუბიექტი.