საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა სავარაუდოდ დღეს გაიმართება
საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა სავარაუდოდ დღეს გაიმართება

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა, პარლამენტის რეგლამენტის ვადების შესაბამისად, სავარაუდოდ დღეს გაიმართება. სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, ასევე განისაზღვრება სამუშაო ტაქტიკაც.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციას, გამოიყენოს შესაძლებლობა და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მმართველი პარტია მზად არის, თუნდაც ერთპროცენტიანი გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების საკითხი დასვას.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, თუ ოპონენტები არ ჩაერთვებიან დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ეს იქნება ლუსტრაცია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და არჩევნები არ გაყალბებულა.

„კომისიას აქვს სამთვიანი ვადა, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი დადოს. ვფიქრობთ, ჩვენ ყველა შესაძლებლობა, იქნება ადამიანური რესურსი თუ საკანონმდებლო რესურსი, სრულყოფილად ავამოქმედოთ, გამოვიკვლიოთ ნებისმიერი ოქმი იქნება, თუ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გაჟღერებეულა, რომელიც უკავშირდება არჩევნებს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ოპონენტებს, ნებისმიერი საარჩევნო უბნის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გავხსნათ, ამოვიღოთ და შევისწავლოთ. ასევე გვაქვს შესაძლებლობა, დავიბაროთ და დავკითხოთ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება ​არჩევნებს. იმაზე მეტი ლეგიტიმაციის მქონე პლატფორმა და შესაძლებლობა, როგორიც არის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, ბუნებაში არ არსებობს. თუ ოპონენტები არ მიიღებენ მონაწილეობას და უარს იტყვიან, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია და დასტური, რომ მათ არაფერი არ აქვთ ხელთ, არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა არჩევნების, ბრჭყალებში გაყალბებას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. პარტია „მოქალაქეებს“ კი კომისიაში მუშაობა მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაჩნია, თუ წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის უმრავლესობა. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისია მხოლოდ ორი პარტიის – „ქართული ოცნებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრებისგან დაკომპლექტდა.