საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას პარლამენტს საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა ექნება
საქართველოს პარლამენტს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საკანონმდებლო საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა ექნება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, კახაბერ კუჭავა, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ რეგლამენტში დამატება შედის, რომლითაც განისაზღვრება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება, წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
„პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა პარლამენტმა სრულად დისტანციურად განახორციელოს საქმიანობა, მაშინ, როდესაც შესაძლებელია, დადგეს ისეთი ობიექტური გარემოება, როდესაც აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შეუძლებელი იქნება საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელში. ამასთანავე, როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებულია ე.წ. „კორონავირუსის“ – „COVID-19“-ის ათასობით შემთხვევა. აღნიშნული გამოწვევის წინაშე დგას საქართველოც. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რეგლამენტში დროის უმოკლეს ვადაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად განხორციელებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იყოს უზრუნველყოფილი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, აუცილებელია, რომ ზემოთ აღნიშნული გამოწვევის მიუხედავად, პარლამენტმა შეძლოს გამართული და შეუფერხებელი საქმიანობა“, – აღნიშნულია პროექტში.