საოლქო საარჩევნო კომისიებში, 17:00 საათისთვის, 171 საჩივარია შესულია
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, 17:00 საათისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარია შესულია, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საჩივრების ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, უბანზე აგიტაციის შესახებ, წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, მარკირების პროცედურებზე, საარჩევნო უბნიდან გაძევებაზე და ასე შემდეგ.
„ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მარნეულის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, დადასტურების შემთხვევაში, ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ზუგდიდის 105-ე უბანზე კი, მივიდა ორი ამომრჩეველი, რომლებიც იმ უბნის ამომრჩევლები იყვნენ. უბანზე დამკვირვებელმა უთხრა, რომ აღნიშნული პირები არ იყვენენ აღნიშნული უბნის ამომრჩევლები. მას შემდეგ, რაც დადასტურდა საარჩევნო კომისიის მიერ, რომ აღნიშნული პირები ამავე უბნის ამომრჩევლები იყვნენ, მათ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.
ანა მიქელაძის თქმით, საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში იქნება შესწავლილი.