შუალედურ არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში 12:00 საათისთვის შესულია 24 საჩივარი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის ზუგდიდში – 13 საჩივარი, მარნეულში – შვიდი საჩივარი, ზესტაფონში – ერთი საჩივარი და ხულოში – სამი საჩივარია დაფიქსირებული.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, საჩივრები ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
„მაგალითად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლები ცესკო-ს აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ყველა მათგანს კომისიამ საარჩევნო უბანი დაატოვებინა. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალცალკე და ორს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს საერთოდ არ სჭიდება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე განმარტებით, ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, არჩევნებში მონაწილეობას დაუბრკოლებლად შეძლებენ.
მიქელაძემ მარნეულის ორ უბანზე დაფიქსირებულ ინციდენტებზეც გაამახვილა ყურადღება.
„მარნეულის 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობაში ხელის შეშლისა და სამაგიდო სიაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობის გამო. 68-ე უბანზე აღნიშნული დამკვირვებელი იმყოფებოდა ორგანიზაცია „ერთობიდან“, 49-ე საარჩევნო უბანზე – “საქართველოს ერთიანი ახალგაზრდა კავშირიდან“, – აღნიშნა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.