საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ
საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ნათია იოსელიანმა აღნიშნა, შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება.
„მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას, რათა საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით შეძლონ შეჯამებისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა, აქედან გამომდინარე, თითოეულ კომისიაში შედეგები კანონიერ ძალაში შესული ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით შეჯამდება. როგორც კი საოლქო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ შეჯამების პროცესს, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. ამასთან, გაცნობებთ, რომ დღეს 20:00 საათზე ცესკო-ში გაიმართება სხდომა, სადაც კომისია შეაჯამებს თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების და თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, სწორედ სხდომაზე მიიღებს ცესკო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვრავს 30 ოქტომბრის მეორე ტურის ორგანიზებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს და ვადებს“, – განაცხადა იოსელიანმა.