საოლქო კომისიებში 68 საჩივარი შევიდა, მათ შორის, 30 - ზუგდიდში და 20 - მარნეულში 
საოლქო კომისიებში 68 საჩივარი შევიდა, მათ შორის, 30 - ზუგდიდში და 20 - მარნეულში 

საოლქო საარჩევნო კომისიებში, 17:00 საათისთვის 68 საჩივარია შესული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 30 საჩივარი ზუგდიდში დაიწერა, მარნეულში – 20, ზესტაფონში – ხუთი, ხულოში – 11, ხოლო ერთი საჩივარი ოზურგეთის საარჩევნო ოლქში და ერთი – თბილისში, მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

„მაგალითად, მარნეულის ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამავე უბნიდან გააძევეს დამკვირვებელი გადაღების წესის დარღვევის გამო. მისი მხრიდან იყო მცდელობა, გადაეღო სამაგიდო სიები და და ასევე, საარჩევნო კაბინა. გარდა ამისა, მისი მხრიდან იყო კომისიის მუშაობის ხელის შეშლა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მარნეულის 68-ე საარჩევნო უბანზე უცნობმა პირებმა საარჩევნო ყუთში ჩაყარეს ბიულეტენები. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამას ადასტურებს ამავე უბანზე მყოფი ცესკო-ს თანამშრომელი“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანს, ცესკო-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა და რეგისტრაციაში გაატარა, თუმცა აღნიშნულ პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო, საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.