საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

ისინი სახელმწიფო უწყებებისა და უშუალოდ მთავრობისგან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების საქმეში მეტ ჩართულობას ითხოვენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სათანადოდ ინფორმირება.

აქციაზე ზაზა გახელაძის მეუღლე, მამა და შვილები იმყოფებოდნენ. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, არ აქვს ინფორმაცია, როგორ გრძნობს თავს ზაზა გახელაძე.

„დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, ყველაფერს ვიგებთ ჟურნალისტებისგან. ჩვენ ვეყრდნობით ისევ სახელმწიფოს. გვინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, რომ არ დავნებდებით, ჩვენ დროზე უნდა გავათავისუფლოთ ზაზა. ჩვენი მოთხოვნა სხვა არაფერია. დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ისინიც მოქმედებენ როგორც შეუძლიათ, თუმცა დღეს უკვე მეცხრე დღეა, ზაზა გატაცებულია“, –  აღნიშნა ირმა ბუთხუზმა.

ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, პეტიციას კი საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნიან.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, შაბათს იგეგმება აქცია უშუალოდ ზაზა გახელაძის დაკავების ადგილზე.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.