საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 36 წლის მამაკაცი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ერთი კვირის წინ დააკავეს.
სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო.
ოჯახმა წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაცია დღეს გაიგო. დაკავებულის დედა ამბობს, რომ რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხელისუფლება დახმარებას სთხოვს.
„დღეს გავიგე, რომ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ გამართულა. ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ ვიცი, რა ვქნა. მივმართავ ხელისუფლებას, დამეხმაროს. ეს არაა მისი პირველი დაკავება. რამდენიმე თვის წინ, სასაფლაოსთან დააკავეს, მაგრამ პანდემიის გამო აღარ გადაიყვანეს ცხინვალში და რამდენიმე საათში გადმოსცეს პოლიციას. მანამდე კი, ერთი წლის წინ დააკავეს და მაშინ ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. ვთხოვ ყველას, დაგვეხმარონ“, – აცხადებს დაკავებული რამაზ ბეღელურის დედა ნორა ბეღელური.