საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 74 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა. მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ამ დრომდე ხუთი ადამიანია გარდაცვლილი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 110 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 14 პირს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 516 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 157 გამოჯანმრთელდა.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სოხუმსა და სოხუმის რაიონში დაფიქსირდა – 376. გუდაუთის რაიონში – 66, გაგრის რაიონში – 38, ოჩამჩირის რაიონში – 25, გულრიფშის რაიონში – ცხრა, ხოლო ტყვარჩელის რაიონში ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.