სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობით გაემართნენ.
აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაშია. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.