საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაზიანების შესახებ შესულია700-ზე მეტი შეტყობინება და ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი შიდა ქართლის გუბერნიის და სადაზღვევო კომპანია„ალდაგის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსანდრე ვალიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მკვიდრს, ალექსანდრე ვალიშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა სამი ნაკვეთი და გაუნადგურდა მოსავალი.
კომპანია„ალდაგი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 13,609.60 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 0.79 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 372.22 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12,466 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 6,904 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,884,023 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 12,212 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 110,738,197 ლარია.