საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში მდებარე 19 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მაღალმთიანის სტატუსი 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება.
„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. ეს სამართლიანობა აღდგება, გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდეგ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.