საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე – ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი მათ უკვე დატოვეს. გათავისუფლებულები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-მა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირის გათავისუფლების შესახებ განცხადებაც გაავრცელა.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია.
უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა.
აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.