სანჯაი პრადჰანი - კახა კალაძეს აქვს შესაძლებლობა, თბილისის კარი გაუღოს მსოფლიო დედაქალაქებს და საკუთარი წარმატება აჩვენოს
სანჯაი პრადჰანი - კახა კალაძეს აქვს შესაძლებლობა, თბილისის კარი გაუღოს მსოფლიო დედაქალაქებს და საკუთარი წარმატება აჩვენოს

თბილისის მერი კახა კალაძე და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს, სანჯაი პრადჰანს შეხვდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ვალდებულებები აიღო.

კახა კალაძემ OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც, მისი თქმით, თვითმმართველობის საქმიანობაში, საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობენ ხელს.

მხარეებმა ასევე, მეხუთე გლობალური სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. სანჯაი პრადჰანის განცხადებით, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერია, რომლის დასტურიც არის ის, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„თბილისს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, პარიზის მსგავსად, რომელმაც წინა სამიტს უმასპინძლა, სხვადასხვა დედაქალაქის მერები მოიწვიოს და მათთვის ღია მმართველობის მაგალითი გახდეს. მე პირადად, თბილისში ამის ყველა შესაძლებლობას ვხედავ. ამდენად, თქვენ, როგორც დედაქალაქის მერს, გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა და ასევე შესაძლებლობა, თქვენი ქალაქის კარი გაუღოთ მსოფლიო დედაქალაქებს და საკუთარი წარმატება აჩვენოთ“, – მიმართა სანჯაი პრადჰანმაკახა კალაძეს.

თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს.

OGP-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის” ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კარლო სიხარულიძე დაესწრო.