სანიოლიმ „ტაიმაუტში“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა - ერთად ვიტირეთ და ამან ჩვენს შორის სამუდამო მეგობრობა ჩამოაყალიბა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას, საქართველის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან მარცხი და მის შემდგომი ამბები გაიხსენა.
2006 წლის მუნდიალის ფინალს კარიერაში მთავარ წარმატებად თვლის თუ მთავარ იმედგაცრუებად? – ფრანგმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ ეს საკითხი მას დღემდე გაორებულ გრძნობებს იწვევს.
„გააჩნია, როგორ შეხედავ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება შევიძინე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მივაღწიე, რაც ძალიან ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა. მაგრამ არის დილა, როდესაც გავიღვიძებ და სამწუხაროდ, მკერდს არ მიმშვენებს მსოფლიოს ჩემპიონის ვარსკვლავი, რომელსაც წარმატებულებს აქვთ. რაც უფრო ასაკში შევდივარ და ამაზე რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ეს იყო შესანიშნავი თავგადასავალი და ფანტასტიკური დრო. იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ძლიერი გუნდი და არავინ ელოდა, რომ ფინალში გავიდოდით. 15 წლის შემდეგ ამაზე უფრო პოზიტიურად ფიქრობ, ვიდრე ნეგატიურად“ – ამბობს სანიოლი.
ფინალში იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში ზინედინ ზიდანმა პენალტით ანგარიში გახსნა. მაგრამ ეს ფაქტი ფრანგი ვარსკვლავის საქციელით დაჩრდილა – მატჩის ბოლოს იტალიელი მცველის, მარკო მატერაცის მიერ ნათქვამმა ფრაზამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ისე გაამწარა, მუცელში თავი დაარტყა, რის შემდეგაც იგი გააძევეს.
პენალტების სერიაში იტალიელებმა გაიმარჯვეს, ზიდანი მეოთხე ფეხბურთელია ისტორიაში ბრაზილიელ პელეს, ვავას და გერმანელი პოლ ბრეიტნერის შემდეგ, რომლებმაც მოახერხეს მსოფლიო თასის ორ ფინალში გოლის გატანა. მაგრამ ფრანგები დღემდე თვლიან, ის მოედანზე რომ ყოფილიყო, მსოფლიოს ჩემპიონობას მეორედ მოიპოვებდნენ.
„ტაიმაუტის“ წამყვანმა გიორგი თვალაბეიშვილმა სანიოლის კითხა, „მართალია, რომ ფინალის შემდეგ ზიდანს გუნდი არ ელაპარაკებოდა?“. ფრანგმა სპეციალისტმა არაფერი დააკონკრეტა:
„არის ასეთი გამონათქვამი – რაც მოხდა ლას-ვეგასში, ლას-ვეგასშივე დარჩა. ასევეა ფეხბურთში, რაც გასახდელში ხდება, იქვე რჩება. როდესაც ფინალს წააგებ, ნებისმიერ გასამართლებელ საბუთს გამოიყენებ და იტყვი, რომ ამის და ამის გამო წააგე. რა თქმა უნდა, იყო ცუდი გრძნობები. თამაშიდან რამდენიმე წუთი იყო გასული და იყო იმედგაცრუება. გაბრაზება. მაგრამ ასეთია ფეხბურთის ისტორია. ან ერთად ტირი ან ერთად იცინი. ჩვენ ერთად ვიტირეთ და ამან ჩვენს შორის სამუდამო მეგობრობა ჩამოაყალიბა“, – განაცახადა „ტაიმაუტში“ საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა.