სანდრო რაქვიაშვილი - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში მაინც არ დადიოდა და მისი აქ არყოფნით არაფერი შეიცვლება, დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ
ოპოზიციონერი დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ტრაგედია არ არის, თუ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტს დატოვებს.
ჟურნალისტებთან საუბარში სანდრო რაქვიაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანებს არ წარმოუდგენიათ პარლამენტში რა უნდა გააკეთონ ან უკეთესი საქმე გააჩნიათ, პარლამენტის დატოვება მათი გადასაწყვეტია.
„მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში წასვლას აპირებს და ჩვეულებრივი ამბავია, რომ პარლამენტი დატოვოს. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში მაინც არ დადიოდა და მისი აქ არყოფნით არაფერი შეიცვლება, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში განცხადების დაწერაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც უარი თქვეს, როცა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოზიცია შეცვალა. როგორც ჩანს, ბევრ დეპუტატს არ წარმოუდგენია ის შესაძლებლობები გამოიყენოს, რაც პარლამენტშია. თუ არ შეუძლიათ და სხვა ალტერნატივა აქვთ, რატომაც არა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვებაზე ოფიციალური განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს.