სანდრო რაქვიაშვილი - თუ გავიაზრებთ, რომ კრიზისი ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შევქმენით, ყველამ უნდა დავთმოთ რაღაცები, როგორც უკვე გაჟღერებულია, შეთანხმება მტკივნეული იქნება ყველა მხარისთვის
სანდრო რაქვიაშვილი - თუ გავიაზრებთ, რომ კრიზისი ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შევქმენით, ყველამ უნდა დავთმოთ რაღაცები, როგორც უკვე გაჟღერებულია, შეთანხმება მტკივნეული იქნება ყველა მხარისთვის

უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა შექმნილ სიტუაციაზე, დავთმოთ სხვადასხვა პოზიცია, რომ ეს ქვეყანა ნორმალურ რეჟიმში გადავიდეს, დაგვრჩეს ევროინტეგრაციის შანსები და არ დავკარგოთ ერთადერთი მეგობრები, რომლებიც გვყავს ამ სამყაროში, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაში შევიდა, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ეს უცნაური პროცესი, ან რაღაც განსაკუთრებული ნდობა მაქვს ზოგადად ჩემი კოლეგებისადმი ოპოზიციაში ან „ქართულ ოცნებაში“, სიტუაცია არის ისეთი, რომ თუ პრეზიდენტ მიშელის წინადადება საბოლოო ჯამში იქნება წარუმატებელი, ის მხარე, ვინც ამ მოლაპარაკებებს ჩაშლის, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია იქნება ეს თუ „ქართული ოცნება“, საბოლოოდ დაკარგავს ნდობას დიპლომატების მხრიდან. მე მგონია, უბრალოდ ამ რისკს თავის თავზე არავინ აიღებს. ერთადერთი პრობლემა, რაც არის და უნდა გადავწყვიტოთ ამ დღეებში, ის არის, რომ უნდა გავიაზროთ, შედეგად არავინ არ გამოვა გამარჯვებული. ვერავინ იტყვის, რომ მე გავიმარჯვე და დავამარცხე მეორე მხარე. დღემდე ფაქტობრივად გვესმის ფრაზები, რომ „დაიხია მეორე მხარემ“, „ჩვენ მოვიგებთ“ და ა.შ. ეს თუ შეწყდება და გავიაზრებთ, რომ ეს კრიზისი ჩვენ, პოლიტიკოსებმა შევქმენით, საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა დავთმოთ რაღაცები, როგორც უკვე გაჟღერებულია, ეს შეთანხმება იქნება მტკივნეული ყველა მხარისთვის. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა შექმნილ სიტუაციაზე. დავთმოთ სხვადასხვა პოზიცია, რომ ეს ქვეყანა ნორმალურ რეჟიმში გადავიდეს, დაგვრჩეს ევროინტეგრაციის შანსები და არ დავკარგოთ ჩვენი ერთადერთი მეგობრები, რომლებიც ჩვენ გვყავს ამ სამყაროში. მოლოდინი მაქვს, რომ თუ საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ შეთანხმებამდე, ვერც ერთი პარტია ვერ იტყვის, რომ იმან გაიტანა თავისი პოზიცია. ყველა პარტია იქნება ისეთ მდგომარეობაში, რომ რაღაც დათმო, მათ შორის „გირჩი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.