სანდრო რაქვიაშვილი - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს ტრიბუნიდან ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკებოდა
სანდრო რაქვიაშვილი - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს ტრიბუნიდან ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკებოდა

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, რადგან მისი გამოსვლის ტექსტი, შინაარსი, მგონი, უფრო მორგებული იყო ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებზე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენ ამომრჩეველს ელაპარაკებოდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, გაეროს- ტრიბუნაზე გამოსვლის ტექსტიდან გამოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის საგარეო ურთიერთობები ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„გაერო-ს ტრიბუნა იდეაში სხვა მიზნებისთვის არის – ოკუპაციაზე საუბარი თუ ლტოლვილებზე, უსაფრთხოების პრობლემებზე, რომელიც სულ ბოლოში იყო და ისიც გაკვრით. ჩემი აზრით, უბრალოდ მიუთითებს, რომ ამ მომენტში პრემიერ-მინისტრისთვის საგარეო ურთიერთობები ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შიდაპოლიტიკური ამბები. გაერო-ს ტრიბუნა არის ადგილი, რომელიც დაგვეხმარება გავაგებინოთ პრობლემები ჩვენს მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც შეიძლება, პოტენციურად ჩაერთონ ამ პრობლემების მოგვარებაში და ამისთვის უფრო ვრცელი, დეტალური საუბარი იყო საჭირო მაგალითად, ოკუპაციაზე, პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ნაკლები მაგალითად, რომელ ადგილს იკავებს საქართველო, რომელიღაც ინდექსში, რაც თავისთავად გაურკვეველია, რა საჭიროა და ვის აინტერესებს გაერო-ში. გამოსვლა, რომ შევაფასოთ, მგონი, პრემიერ-მინისტრისთვის შიდაპოლიტიკური ამბები, არჩევნები და ამომრჩეველთან კომუნიკაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე საგარეო ურთიერთობები და დიპლომატებთან კომუნიკაცია.

ჩვენ მაინც არ ვართ მაგალითი დემოკრატიული ქვეყნისა. სხვანაირად რომ იყოს, ჩვენ მართლა უკვე ევროკავშირშიც გავწევრიანდებოდით და ზოგადად, სულ სხვა ურთიერთობა გვექნებოდა ევროპასთან, ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან. დიდი გზა გვაქვს გასავლელი დემოკრატიისკენ და იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი ვაქოთ, თუ რა კარგები ვართ, ჯობია, ის პრობლემები მოვაგვაროთ, რომლებიც ამაში გვიშლის ხელს, რათა მართლა ჩავატაროთ მშვიდი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გაერ-ში გამოსვლა იყო გამოსვლა ქართული ოცნების“ მხარდამჭრებისთვის.

„მთელი ეს გამოსვლა იყო, რაღაც ეკლექტიკური გამოსვლა. აქ შეაქო „ქართული ოცნება“, იქ შეაქო თავისი მთავრობა და ა.შ. როგორც ღარიბაშვილი გამოვიდოდა მიტინგზე და თავის ამომრჩეველს მიმართავდა, რას აკეთებს, როგორი კარგია „ქართული ოცნება“ და ა.შ., დაახლოებით იმავე შინაარსის იყო, უბრალოდ გაზავებული იყო რაღაც ზოგადი თემებით, ეკოლოგიასა და მდგრად განვითარებაზე, რომელიც, ალბათ გაერო-სთვისაა მნიშვნელოვანი. ამიტომ, მე რაღაც შინაარსობრივი კომენტარის გაკეთებას ამაზე ვერ დავიწყებ, აზრი არ აქვს, რადგან ამ ფრაზების უკან მართლა რაღაც კონკრეტული შინაარსია. ეს იყო ზრდილობისთვის გამოსვლა, იმისთვის, რომ ჩვენთან აქ გავრცელდებოდა ეს გამოსვლა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთათვის. თეორიულად, შეგვეძლო გველაპარაკა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება უსაფრთხოებას, უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო საქმის კურსში პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უბრალოდ, ეს შანსი ჩვენ ვერ გამოვიყენეთ. ამით ქვეყანა არ დაინგრევა, თუმცა არც წინსვლა გვენება ამ კუთხით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.