„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი სანდრო რაქვიაშვილი - შეგიძლიათ, პირდაპირ ასე თქვათ, რომ „გირჩმა“ სრული აბსურდი მოაწყო
„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი სანდრო რაქვიაშვილი - შეგიძლიათ, პირდაპირ ასე თქვათ, რომ „გირჩმა“ სრული აბსურდი მოაწყო

შეგიძლიათ, პირდაპირ ასე თქვათ, რომ „გირჩმა“ სრული აბსურდი მოაწყო, ვერ გეტყვით, რა იყო ზურაბ ჯაფარიძის განცხადების მიზეზი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.

სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის წევრებთან მიზეზებზე არ უსაუბრია.

მისივე ინფორმაციით, გუშინ „გირჩის“ წევრები ცდილობდნენ პარტიის ლიდერთან დალაპარაკებას, თუმცა ჯაფარიძემ არ ისურვა.

„სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რა იყო ზურაბ ჯაფარიძის განცხადების მიზეზი. მოვლენები ასე რომ განვითარდებოდა, გუშინწინ საღამოს გავიგეთ. გუშინ ვცდილობდით, გაგვერკვია, მაგრამ თავად ზურამ დაწერა განცხადებაში, რომ მიზეზებს არ დაასახელებს. ჩვენც არ გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციასთან ერთად ვიყავით. ამ მომენტისთვის არ ვიცი, რა არის მიზეზი. ვიცი, რომ სავარაუდოდ, მიზეზი უნდა იყოს სერიოზული. ჩვენთვის ეს არ უთქვამს.

ამის მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ვერ იქნება, რადგან როგორც უკვე გითხარით, გუშინ მოლაპარაკებაზე ერთად ვიყავით და ვწყვეტდით, ვინ იქნება მოლაპარაკების შემდეგი მონაწილე. ჩვენ გუშინ საღამოს ზურა დავასახელეთ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ უკვე ვიცოდით, რა ხდებოდა. იაგო ხვიჩიას განცხადება არაფერ შუაშია და ეს თავად ზურამ თქვა.

თქვენი კითხვები მესმის, რადგან როგორ შეიძლება, სიის პირველ ნომერს ეს პოზოცია აქვს და სხვა ნომრებმა არ იციან. ასეთ უცნაურ მდგომარეობაში ავღმოჩნდით. შეიძლება, დაუჯერებელი იყოს, მაგრამ გუშინ მთელი დღე იმაში დავხარჯეთ, რომ „ზურა, მოდი დავილაპარაკოთ“. ჩვენი საუბარი 15 წამს არ გასცდა. მთავრდებოდა იმით, რომ სათქმელი არაფერი აქვს. პოლიტიკაში ჩართული ადამიანები გუშინ გვიანობამდე ვსაუბრობდით და მიზეზი ვერ გავიგეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, გაურკვეველია, რას აპირებს ზურაბ ჯაფარიძე, რადგან მას ფორმალურად არ უთქვამს, რომ პარტიიდან მიდის.

„მგონია, რომ ამ დროისთვის, ფორმალურადაც გაურკვეველია, რას აპირებს ზურა, რადგან ზურა გირჩი ჯაფარიძიდან როგორ გავა, არ ვიცი. ისიც არ უთქვამს, რომ პარტიიდან გაგვყრის. რას ნიშნავს მისი განცახდება, გაურკვეველია. რომ ეთქვა მივდივარო, ფორმალურად გასაგები იქნებოდა, თუმცა ადამიანმურად სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. მეორე ნაწილი არც ფორმალურად და არც ადამიანურად არ არის რეალიზებადი. ზრდასრული ადამიანები ვართ და ადრე თუ გვიან ჩვენ შორის საუბარი შედგება. ალბათ, შევთანხმდებით, შეთანხმების იქით არაფერია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე შეფასებით, „გირჩმა“ სრული აბსურდი მოაწყო.

„ჩვენ სამნი ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებს გარეთ არაფერს განვიხილავთ. ჩვენ იმავე რეჟიმში ვართ, ერთობის ფარგლებში რაც ვიყავით. სამწუხაროდ, ზურა რას აპირებს, არ ვიცი. ვერ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი იყოს პარლამენტის გამო.

შეგიძლიათ, პირდაპირ ასე თქვათ, რომ „გირჩმა“ სრული აბსურდი მოაწყო, რადგან მეც არ ვიცი, ეს ყველაფერი არის აბსურდი. ეს ყველაფერი ყველამ ხუმრობად აღვიქვით და კომენტარები იყო, „რა დაგემართა, ჯაფარ“. წარმოუდგენელია, პარლამენტში მარტო მე ან მარტო ჯაფარას რა უნდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.