სანდრო რაქვიაშვილი - რევოლუციებს როგორც წესი, იდეა აქვს და მოდით, ახლა რამის პარალიზება გავაკეთოთ, მერე რევოლუცია მოხდება და რაღაც შეიცვლება, ასე არ ხდება
რევოლუციებს როგორც წესი, იდეა აქვს და მოდით, ახლა რამის პარალიზება გავაკეთოთ, მერე რევოლუცია მოხდება და რაღაც შეიცვლება, ასე არ ხდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
სანდრო რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც, ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.
როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირას არის და ახლა დაიწყო ნადირობა მათ ამომრჩეველზე.
„დიდი ხანი ვხედავდით პარლამენტში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს შიდა უთანხმოებაც იყო ხშირად და ძალიან დაბალი ეფექტიანობით მუშაობდნენ, სულ ვამბობდით, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირას არის, რომ პარალიზებულია და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ბევრმა ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დაიჯერა, მიხვდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ შეიძლება, მართლა დაიშალოს, ახლა დაიწყო უბრალოდ ჩვეულებრივი ნადირობა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე და ყველა მე მგონი, ცდილობს, კიდევ უფრო რადიკალური პოზიცია დააფიქსიროს, რომ აი მე უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცი ვარ, ვიდრე ნაცები არიან, მარტივად რომ ვთქვათ. ეს არის ჩემი აზრით, ამის ახსნა. ცხადია, რომ ასეთი მიდგომით რევოლუციები არ ტარდება, რევოლუციებს როგორც წესი, იდეა აქვს და მოდით, ახლა რამის პარალიზება გავაკეთოთ და მერე რევოლუცია მოხდება და რაღაც შეიცვლება – ასე არ ხდება. ეს სრულიად ლოგიკურად ჯდება თუ დავიჯერებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაიშალოს, 500 ათასი ამომრჩეველი სადღაც უნდა გადმოვიდეს და ვის აირჩევს ასეთი ამომრჩეველი, ალბათ იმას ვინც კიდევ უფრო ახლოს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოზიციასთან, მით უმეტეს, რომ ეს რადიკალიზმი, რომელიც ახლა ჟღერდება, ამ რადიკალიზმში ძალიან დიდი დრო და ენერგიაა საბოლოო ჯამში ჩადებული წლების განმავლობაში და ეს არ უნდათ გაიფლანგოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.