სანდრო რაქვიაშვილი - ყველასთვის სასარგებლო იქნება, რაც მეტი პოლიტიკოსი მოვა აქციაზე და ერთობლივად გავაგებინებთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოსულა უფასოდ და ძალით ხალხის ჯარში წაყვანა
ყველასთვის სასარგებლო იქნება, რაც მეტი პოლიტიკოსი მოვა აქციაზე და ერთობლივად გავაგებინებთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოსულა უფასოდ და ძალით ხალხის ჯარში წაყვანა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „თავდაცვის კოდექსის“ გასაპროტესტებლად დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მისვლას ელოდებიან.
ამასთან, როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, აქციები მეტ ლეგიტიმაციას სძენს პარლამენტარს.
„აქციები და საპარლამენტო ცხოვრება უნდა იყოს გადაბმული. არ შეიძლება, აქცია ან საპარლამენტო ცხოვრება დამოუკიდებლად იყოს. აქციები მეტ ლეგიტიმაციას სძენს პარლამენტარს, უფრო დამაჯერებელს ხდის მის სიტყვებს. კრიტიკულ სიტუაციაში ეს საქმე შეიძლება, დაუმორჩილებლობის აქტამდე მივიდეს, როცა, მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც გაიწვევენ, არ წავლენ ჯარში და დემონსტრაციული დაუმორჩილებლობის აქტი იქნება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა და საბოლოოდ ადამიანების მხარდაჭერა საკმარისი იქნება, რომ პარლამენტში ჩემი კოლეგები დავარწმუნო, ჯარისკაცის შრომა უნდა დაფასდეს, უფასოდ და ძალით ხალხის წაყვანა არ შეიძლება.
აქციაზე, მინიმუმ, ოთხი-ხუთი პარტიიდან წარმომადგენლები იქნებიან, მაგალითისთვის, ხათუნა სამნიძე. ველოდები „ნაციონალური მოძრაობიდან“, პარტია ,,საქართველოსთვის“ და სხვადასხვა პარტიიდან პოლიტიკოსებს. იმედია, სხვა პარტიებიც მოვლენ. რაც უფრო მეტი პოლიტიკოსი იქნება, მით უკეთესი. ერთობლივად თუ გავაგებინებთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოსულა უფასოდ და ძალით ხალხის ჯარში წაყვანა, ყველასთვის სასარგებლო იქნება. დიდი ალბათობით, პარლამენტშიც მაშინ შევძლებთ ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლის ინტერესების დაცვას. ზოგადად, თავდაცვის რეფორმა ფეიკრეფორმაა შინაარსობრივად. უფრო მიმართულია პოლიტიკური ინსტრუმენტების გაძლიერებაზე, რომ ახალგაზრდები აკონტროლონ გაწვევის მეშვეობით, ვიდრე თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე. არანაირი შინაარსი არ აქვს ამ კანონის მიღებას და იმედია, ზოგადად საპროტესტო მუხტი ისეთი იქნება, რომ დაგვეხმარება პარლამენტში მართლა შევაცვლევინოთ ეს კანონი“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.