სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ აუმჯობესებს, მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლება
სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ აუმჯობესებს, მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლება

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ აუმჯობესებს, მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შემოიფარგლება, რაც შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ შორს არის საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისგან – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, საკითხი თუ მთავრობას ან ეროვნულ ბანკს ეხება, პრობლემა სხვა კანონებშია და არა  რეგლამენტში.

„ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ პარლამენტის რეგლამენტში გათვალისწინებულია, როგორ ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობას, მაგრამ ეს ქმედებები დაბლოკილია ორგანული კანონით. ის ბლოკავს ჩანაწერს, რომელიც რეგლამენტშია, ანუ, რამდენადაც არ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ჩანაწერი რეგლამენტში, ის არ იმუშავებს. თუ გვინდა, რომ ზედამხედველობა გავაუმჯობესოთ ეროვნულ ბანკზე, უნდა შევცვალოთ ორგანული კანონი და არა რეგლამენტი. ბევრი ასეთი საკითხია, მაგრამ არც ერთს არ შევხებივართ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.