სანდრო რაქვიაშვილი - პარტიების სია ბელადების მიერ იყო დაწერილი, სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის სიაში ვინ წერია
პარტიების ყველა სია ბელადების მიერ იყო დაწერილი, სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის სიაში ვინ წერია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი პარტიის გარდა, ყველა სია ბელადების მიერ დაწერილი იყო, სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. აქედან გამომდინარე, მგონი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის სიაში ვინ წერია 22-ე ადგილზე და ვინ 37-ზე. ეჭვი მეპარება, ვინმემ „ქართულ ოცნებას“ ხმა იმის გამო მისცეს, რომ 47-ე ადგილზე ვიღაც წერია. პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი ბელადების პარტია არიან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიაში მიხეილ დაუშვილი ვერ მოხვდა, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ის ერთადერთი ადეკვატური ადამიანი იყო.
„ერთადერთი ადეკვატური ადამიანი იყო, ვიღაცებს არ ვიცნობ და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ის, რომ ლიდერი ასე უპატივცემულოდ მოიქცა, გახარიას ჩვეული მიდგომაა – უპატივცემულობა მოპყრობა თავისიანების მიმართ. ამიტომ, ადეკვატური ადამიანი არ მეგულება, ვინც მათ ხმას მისცემს, რადგან როცა თავისიანებს ასე ექცევა, სხვებს როგორ მოექცევა. სამწუხარო იყო, მაგრამ პროგნოზირებადი, რაც მიშა დაუშვილს დაემართა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.