სანდრო რაქვიაშვილი - პარლამენტი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული, პარლამენტარებისთვის კორიდორებში გადაადგილებაც შეზღუდულია, ეს არის უმსგავსობა, კანონის დარღვევა
პარლამენტი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული, პარლამენტარებს არათუ არ უშვებენ, კორიდორებში გადაადგილებაც შეზღუდულია პარლამენტარებისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ქმედება უმსგავსობა და კანონის დარღვევაა.
„ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, პარლამენტარებისაც კი ეშინია, რაღაც ლაპარაკის ეშინიათ და კაბინეტებში იმალებიან, დაცვა შემოუყენებიათ. გატენილია პარლამენტი. ეს პარლამენტი ვერ იქნება, თუ პარლამენტარს არ შეუძლია, არათუ სხდომას დაესწროს, კორიდორში გაიაროს და რამდენჯერმე გზაში უნდა შეამოწმონ. მგონი, ეს არასერიოზულია და მთლიანად ანგრევს ისედაც დიდწილად დანგრეულ ამ პარლამენტის რეპუტაციას“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.