სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება
ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერ დავით არახამიას მიერ „ტელეგრამის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
როგორც რაქვიაშვილი ამბობს, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და საკითხი ამ გზით გაირკვეს.
„უკვე აღარ მესმის „ტრენდი“, რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით, ისეთი მასშტაბია, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა – გაიზრდებოდა რეექსპორტი ნავთობის ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით, რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია, ამხელა ყურადღება რატომ არის. ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება.
ჩემთვის უცნაურია, როცა ასეთი ყურადღებაა იმ საკითხის მიმართ, რომელიც თეორიულად უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან არახამიას არ ვიცნობ, ვინც იცნობს, სჯობს ურჩიოს, რომ მტკიცებულებები დაიდოს. მტკიცებულებები უნდა დაიდოს. ბოლოსდაბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო იაქტიურებს, კარგია, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“. არახამიას თქმით, „მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საქართველოდან მთავრობის მომხრე ბევრი დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე“. არახამია წერს, რომ „ივანიშვილი ჩართულია ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს, პირველი მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა“.