სანდრო რაქვიაშვილი - ნიკა მელიას რატომღაც მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს, არ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე, ჩავრთავ ტელევიზორს და მოვუსმენ
სანდრო რაქვიაშვილი - ნიკა მელიას რატომღაც მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს, არ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე, ჩავრთავ ტელევიზორს და მოვუსმენ

სავარაუდოდ, დარღვევებმა შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა არ იქონია. პრობლემა დათვლის პროცედურებია. ზოგადად, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება მეორე ტურში სრულიად იდეებს მოკლებული იყო და მარტივ მიშა-ბიძინას თამაშში გარდაიქმნა, რომელშიც, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს ხოლმე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია უფრო მეტ ქალაქში მოიგებდა.

„ერთადერთი, რაზეც კითხვებია, არის ბათუმი, ძალიან პატარა სხვაობაა და საკმაოდ ბევრი კითხვაა. ზოგადად, შედეგები, მგონი, ხალხის ნებას ასახავს, რამდენადაც დისკომფორტული არ უნდა იყოს ეს შედეგი. ვნახოთ, რა აქცია იქნება, მაგრამ, ზოგადად, დიდი ხანია, ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს პრობლემა აქვთ, ისინი გაერთიანებული არიან ადამიანების ირგვლივ და უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული იდეების ირგვლივ. ეს იყო ერთადერთი შანსი „ქართული ოცნების“ დამარცხების. ამას ხშირად ვამბობდით, მაგრამ არ გვიჯერებენ.  აგერ, შედეგიც. როცა უბრალოდ შეიკრიბა ბევრი სხვადასხვა ადამიანი რაიმე იდეის გარეშე გარდა იმისა რომ, ჩვენ უკეთესი ვართ ვიდრე „ქართული ოცნება“, ამის გარდა, რომ ამომრჩეველს არაფერი შესთავაზეს დადგა ის შედეგი, რაც დადგა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლას არ აპირებს.

„თუ რაიმე გეგმა იყო, როგორ დავამარცხოთ „ოცნება“, რაღა დღეს მოგვიყვებიან, უფრო ადრე ეთქვათ, მარტივი იქნებოდა. მგონი, უფრო მნიშვნელოვანია, შეცდომებზე ვისწავლოთ და დავფიქრდეთ, რომ ამომრჩეველს იდეა უნდა შევთავაზოთ, როგორ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ. მარტო ის, რომ ჩვენ უკეთესი ხალხი ვართ და ლამაზად გამოვიყურებით, საკმარისი არ არის. თავისთავად აქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ დღევანდელი აქცია არც კი ვიცი, რა აქციაა. რატომღაც ნიკა მელიას მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს და რავიცი, შესაძლოა, პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. არც მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე, ჩავრთავ ტელევიზორს და მოვუსმენ, რას იტყვიან. თუ რაღაც აქციები იქნება ზოგადად, იყოს, რატომაც არა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.