სანდრო რაქვიაშვილი - ლარის გაუფასურების შემთხვევაში, ტექნიკურად არაფერ შუაშია რუსეთიდან ადამიანების ჩამოსვლა და რუბლის ჩამოტანა
ლარის გაუფასურების შემთხვევაში, ტექნიკურად არაფერ შუაშია რუსეთიდან ჩამოსული ადამიანები და ის, რომ რუბლი ჩამოიტანეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის ქმედებებია.
„სინამდვილეში, ლარი ფული არ არის, ლარს ვიყენებთ მხოლოდ იმიტომ, რომ კანონი გვავალდებულებს და თუ ლარს არ გავაკეთებთ, ციხეში ჩაგვსვამენ. მოქალაქეებმა მშვენივრად იციან, რომ ნამდვილი ფულია დოლარი, ევრო, ოქრო და ამიტომ, როცა ქვეყანაში დაძაბულობა ჩნდება, კრიზისების დროს ცდილობს, თავის დანაზოგი თუ ზედმეტი ფული სანდო ვალუტაში გადაიყვანოს, ამ შემთხვევაში, დოლარში. თუ რატომ არის ლარი არასანდო, ეს საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხია. დღეს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. 25 წელია, ლარი გვაქვს და ყველამ იცის, რომ ეს არის ქაღალდი, რომლის უკან არაფერი დგას. უკრაინაში ომი მიდის და იქაური ცენტრალური ბანკი იმაზე ფიქრობს, გრივნა არ გაუფასურდეს და ჩვენი ეროვნული ბანკი რაზე ფიქრობს, არავინ იცის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური და არაადეკვატური ინსტიტუცია. სწორედ ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგია 13-პროცენტიანი ინფლაციაც და ლარის გაუფასურებაც, რისი მთავარი მიზეზია, რომ მოქალაქეები არ ვენდობით ლარს. ძალიან სწორად ვიქცევით, რომ ლარს არ ვენდობით. ლარის გაუფასურების შემთხვევაში, ტექნიკურად არაფერ შუაშია რუსეთიდან ჩამოსული ადამიანები და ის, რომ რუბლი ჩამოიტანეს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.