სანდრო რაქვიაშვილი - კანონს ამორალურად თუ მიიჩნევ, უფლება გაქვს, ჩაშალო კომიტეტი, ოპოზიციას შევთავაზე, გავათენოთ, „რედ ბულს“ მოგვიტანენ, მაგრამ პროცესის დაწყებისას მათი უმრავლესობა იქ აღარ იყო, ვერ გავიგე, რა უნდოდათ
კოლეგების ნაწილმა კამერების წინ იჩხუბა და წავიდა. თუ ჩაშლაა, უნდა ჩაშალო, თუ არ აპირებ კომიტეტის ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ? ხალხს მაინც აუხსენი, რამდენად მავნებლური კანონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი არათანმიმდევრული მოქმედებები ხალხში მუხტს კლავს.
„ევროპელი დიპლომატები იქით იხრებოდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი მოეცათ, რადგან პრორუსული ძალებისა და პოზიციების გაძლიერებას ხედავდნენ. ეს არ აწყობს „ქართულ ოცნებას“, რადგან რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის დაჭერაში უშლის ხელს, ამიტომ მოიგონეს ეს კანონი, რომელსაც ოდნავ საღ აზრზე მყოფი ადამიანიც ვერ დაუჭერს მხარს. მიზანი იყო ის, რომ ევროპელებმა თქვან, არა, ასე არ გამოვაო და რაღაცნაირად უკან დაახევინონ ევროინტეგრაციის პროცესი. ბუნებრივია, ყველას, ვისაც ევროინტეგრაცია აღელვებს, წინააღმდეგობას უწევს. პრობლემაა ჩემი კოლეგების არათანმიმდევრულობა. არ შეიძლება, ერთდროულად კომიტეტის ჩატარება დაიწყო ან კომიტეტის ჩაშლა. ისე გამოვიდა, რომ ჩემი კოლეგების ნაწილმა კამერების წინ იჩხუბა და წავიდა, დრამა დადგეს. ან ერთი უნდა გააკეთო ან მეორე: თუ ჩხუბობ, კამერების იქითაც უნდა იჩხუბო და გარეთ თუ გაგაგდეს, უკან უნდა დაბრუნდე. თუ ჩაშლაა, უნდა ჩაშალო, თუ არ აპირებ ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ? ხალხს მაინც აუხსენი, რამდენად მავნებლური კანონია.
ეს არათანმიმდევრულობა და გაუაზრებელი აქციები მუხტს კლავს. სინამდვილეში, ახლა მართლა ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერების რისკის ქვეშ ვართ და ამას სჭირდება უფრო გააზრებული, მშვიდი, დაგეგმილი ნაბიჯები, ვიდრე ის, რაც გუშინ იყო. ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ ეს კომიტეტი უნდა ჩაიშალოს. თუ ჩაშლას აპირებ, უნდა ჩაშალო, თუ გარბიხარ და აქციას აანონსებ, უნდა გაიქცე და აქცია დააანონსო. არ შეიძლება, ერთდროულად აქციაც დააანონსო და თან ჩაშალო, რაღაც ტაქტიკა უნდა აირჩიო.
ამორალურ კანონად თუ მიიჩნევ, სრული უფლება გაქვს, ჩხუბიც დაიწყო, ვინმეც სცემო და ჩაშალო კომიტეტი, თუნდაც სესია, მაგრამ თუ ამას მარტო იმიტომ აკეთებ, რომ კამერები ჩანს და შემდეგ გახვედი ან გაგიყვანეს და უკან აღარ ბრუნდები, იმავეს არ აგრძელებ, მაშინ რა აზრი აქვს. სინამდვილეში, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ჩაშლა თუ იქნებოდა საჭირო. სხვათა შორის, შევთავაზე დახმარება, თუ გინდათ მოგამარაგებთ საჭმლით, სასმელით და ღამე გავათენოთ-მეთქი, მაგრამ როცა ეს პროცესი დაიწყო, მათი უმრავლესობა უკვე იქ აღარ იყო. უბრალოდ, ვერ გავიგე, რა უნდოდათ, თორემ კარგი სურათი დაიდგა და, საბოლოო ჯამში, ყურადღება მიიქცია.
„ნაცები“ იყვნენ უმრავლესობა იქ, როცა დახმარება შევთავაზე. ვუთხარი, ცუდი კანონია, დამაზიანებელი, მე ასეთი გაცხარებული ემოცია არ მაქვს, ყვირილში ვერ წამოგყვებით, მაგრამ თუ გინდათ, გავათენოთ, „რედ ბულს“ მოგვიტანენ, საჭმელს, შოკოლადს და გვეყოფა-მეთქი. როცა ისინი გააგდეს, „ლაივიდან“ ვუთხარი, ერთ კარს ხურავენ შიგნიდან და მეორედან შემოდით-მეთქი. ჩემთვის სამხედრო რეფორმა უფრო ამორალურია და ეს რეფორმა, შეიძლება გრანდიოზული მორალური პრობლემა არ იყოს, მაგრამ ევროინტეგრაციას აზიანებს და შენ ხვდები, რომ თუ გინდა ევროპაში იყო, უნდა გააპროტესტო.
18- 27 წლის ბიჭს მისი ნების წინააღმდეგ წაიყვანენ ჯარში, როგორც მონას მოეპყრობიან, ეს ჩემთვის ბევრად უფრო დიდ ემოციას იწვევს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ არათუ კომიტეტი ჩავშალო, ჩხუბშიც ჩავერთო ამ ნაწილში, მაგრამ ამასობაში, ვინაიდან ვეთანხმები პრობლემის მასშტაბს, რომელიც ევროინტეგრაციის გაჩერებაა, სიამოვნებით დავეხმარებოდი ყველა კოლეგას, რომელიც ჩაშლას დააპირებდა. მიტინგზეც მოვალ, მაგრამ მთელი პრობლემა არის ის, რომ არ შეიძლება სამი სხვადასხვა გზა გამოიყენო ერთდროულად. დაიწყო ჩაშლით, შემდეგ დისკუსიაზე გადახვიდე და მერე აქცია მოაწყო. თან ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებიც მიტინგის ჩამშლელები არიან. როცა უბრალოდ ყვირი, ხალხო, მოდით, კამერისთვის რომ გჭირდება, პარლამენტის შესასვლელთან რაღაცები იყვირო, მუხტს კლავს. ეს ასე არ კეთდება. ხალხი უნდა გაბრაზდეს, და როცა მეტი ბრაზი დაგროვდება, უფრო დაზიანდება შენი ოპონენტი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.