სანდრო რაქვიაშვილი - იმედია, ფილიპ რიკერის ჩამოსვლა დაგვეხმარება, რომ ფორმალურად მაინც დავასრულოთ დაპირისპირება
სანდრო რაქვიაშვილი - იმედია, ფილიპ რიკერის ჩამოსვლა დაგვეხმარება, რომ ფორმალურად მაინც დავასრულოთ დაპირისპირება

იმედია, ფილიპ რიკერის ჩამოსვლა დაგვეხმარება, რომ ბოლო ნაბიჯი გადავდგათ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ ფორმალურად მაინც დავასრულოთ დაპირისპირება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც ვიცი, იქნება შეხვედრა, როდის და რა ფორმატში, ჯერ ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმედი მაქვს ეს გადამწყვეტი იქნება, რომ ჩვენი შიდა დაპირისპირება დასრულდეს, რადგან მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტისა, პარლამენტში და პარლამენტს გარეთ არ ვითარდება მოვლენები ისე, რომ ამ დაპირისპირებას დასასრული უჩანდეს. სულ ჩხუბში იხარჯება დრო და ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც შეგვეძლო გადაგვეწყვიტა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად ამ დაპირისპირების გამო. იმედია, რიკერის ჩამოსვლა დაგვეხმარება, რომ ბოლო ნაბიჯი გადავდგათ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწეროს ხელი მიშელის დოკუმენტს, რომ ფორმალურად მაინც დავასრულოთ ეს დაპირისპირება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს; შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული.