სანდრო რაქვიაშვილი გიორგი ვაშაძეზე - სამარცხვინო, თაღლითობა და ფარსი იქნება ისეთი ქცევა, როცა ოპოზიციონერი მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას ეროვნული ბანკის საქმიანობაზე
„გირჩის“ წევრი, დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს, რასაც ხელს არ აწერს გიორგი ვაშაძე.
სანდრო რაქვიაშვილი განმარტავს, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, მოქალაქეები ორნიშნა ინფლაციით რატომ ღარიბდებიან და საქართველოს ეროვნული ბანკი თავის უფლებამოსილებას რატომ არ ასრულებს.
რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ვაშაძე ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერს, მისი მხრიდან ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იქნება.
„მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოყენებულია პოლიტიკური დაპირისპირებისთვის და ყველა მხარე ამ საკითხს ვუყურებთ, როგორც დაპირისპირებისთვის ინსტრუმენტს და ამ ინსტრუმენტის დათმობა არავის სურს. ახლა ჩხუბის გაგრძელების ერთ-ერთი ეტაპია და ვიდრე პოზიციები არ შეიცვლება, მანამდე არაფერი კარგი არ გამოვა.
რაც შეეხება ვაშაძეს, სამარცხვინო, თაღლითობა და ფარსი იქნება ისეთი ქცევა, როცა ოპოზიციონერი მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიას. საზოგადოება მარტივად დაინახავს, ვინ არის თაღლითი, ვინ მონაწილეა ფარსის და ვინ ცდილობს, კარგის გაკეთებას. თუ კომისია შეიქმნება, პასუხი გვეცოდინება, რატომ ღარიბდებიან მოქალაქეები ორნიშნა ინფლაციით და ეროვნული ბანკი თავის ვალდებულებას რატომ არ ასრულებს. ამას გიორგი ვაშაძე ხელს არ აწერს და მაინტერესებს, რატომ? თუ ხელს არ მოაწერს, ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. რაქვიაშვილის ინფორმაციით, კომისიის შექმნის საკითხს ხელი უკვე მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“ წევრებმა და ასევე რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა. მისი ცნობით, ამ საკითხს ამ დრომდე ხელი არ მოაწერეს გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ.