სანდრო რაქვიაშვილი - „გამარჯვების პლატფორმა“ უიდეო კოალიციაა, უიდეო კოალიციები კი ხშირად იშლება
სანდრო რაქვიაშვილი - „გამარჯვების პლატფორმა“ უიდეო კოალიციაა, უიდეო კოალიციები კი ხშირად იშლება

„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის დიდი სპექტრი რასაც აკეთებს, არის მეორე ადგილზე თამაში, რომ სხვა ოპოზიციური ძალები ჩაძირონ, – განაცხადა პარტია „გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თვითონ ვერ მოიგებენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ბევრი პარლამენტარი ეყოლებათ. სუფთა ტექნიკურად რომ შეხედოთ, „ქართული ოცნების“ დამარცხება ხომ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი უნდა წაართვა და თუ გადახედავთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ან გიორგი ვაშაძის პარტიას, ან მის ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებშიც, მათ შორის, ჩემი ყოფილი თანაგუნდელიც არის, ისინი მხოლოდ იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უკეთესად გალანძღავს „ქართულ ოცნებას“ და მათ მხარდამჭერებს. როცა იწყებენ ხოლმე ინტერვიუს, შეიძლება, პარტიები იმით დაალაგო, რომ სავალდებულო სიტყვები აქვთ; უნდა თქვან: „ბიძინა ივანიშვილი“, „რეჟიმი“, „რუსული“ და რაღაც. მერე შეიძლება, ამის გარდა, არაფერი არ თქვან, მაგრამ ამით ხომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ვერ წამოიყვან?“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად განიხილავს „გირჩი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას წინასაარჩევნოდ, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

„არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ზოგადად რომ გადავხედოთ, თუნდაც „ლელო“ ავიღოთ, ეს ხომ იდეებისგან აბსოლუტურად დაცლილი პარტიაა?! ნებისმიერი თემა აიღეთ და მარტივ კითხვაზე, რა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჰკითხო, ვერ გიპასუხებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმა“ უიდეო კოალიციაა, უიდეო კოალიციები კი ხშირად იშლება.

„ახლაც ვნახეთ, რამდენი დაიშალა. მათ არანაირი იდეა არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება, იდეა იყოს მათთვის, მაგრამ რისთვის არიან პოლიტიკაში და რა უნდათ პოლიტიკისგან?“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების რესურსს თუნდაც ისეთი იდეის ირგვლივ, როგორიც არის კანდიდატის სტატუსი, მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია და წევრი ქვეყნების ელჩებმა პარტიებს მოუწოდეს, ამ მიზნის მისაღწევად ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ხალხის შეთანხმების არანაირი რეალური შანსი არ არსებობს და არსებული მოცემულობით ეს სრულიად გამორიცხულია.

„ჩვენ და რამდენიმე პარტია მართლაც ვცდილობდით, რამე მაინც გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში, შეიძლება, არ გვქონდა იმის დიდი იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ყველა მოთხოვნაზე წამოვიდოდა, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენთან პრეტენზია არცერთ ევროპელს არასდროს არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დახურულ შეხვედრებზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ბევრჯერ იყო ეს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.