სანდრო რაქვიაშვილი - ჩვენი მთავარი წინადადებაა უბარიერო პროპორციული არჩევნები, თუ ეს პირობა იქნება დადებული, დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკოსი აღმოჩნდება პარლამენტში, ვინც ამ რეფორმას დაუჭერს მხარს
ჩვენი მთავარი წინადადებაა უბარიერო პროპორციული არჩევნები, არა ერთჯერადი, არამედ ყოველთვის, თუ ეს პირობა იქნება დადებული, დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკოსი აღმოჩნდება პარლამენტში, ვინც დაუჭერს ამ რეფორმას მხარს და შევცვლით კონსტიტუციას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„იმ მემორანდუმში, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ალეკო ელისაშვილთან ერთად მოაწერა ხელი, არის პუნქტები, რომლებიც ერთობლივად შევიმუშავეთ ოპოზიციაში. თუმცა, ამ პუნქტების უდიდესი ნაწილის ავტორი არის გიორგი ვაშაძე. „გირჩის“ იქ არის ორი პუნქტი, რომლებიც მარტივად შესრულებადია და იმედია, „ქართული ოცნება“ შეძლებს ამის ჩვენს გარეშე შესრულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს პუნქტები იყოს განხილული. მე მაინტერესებს თითის ანაბეჭდის კონტროლი როგორ იქნება აღსრულებული, სად შეინახება და რამდენად დაცული იქნება ეს ინფორმაცია. ეს არ არის მარტივი საქმე. კარგი იქნებოდა, რომ ასეთი რეფორმები უფრო საჯარო განხილვის შედეგი ყოფილიყო და ოპოზიციის ჩართულობა ყოფილიყო. მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი ისეთია, არ მგონია, ეს ახლო მომავალში მოხდეს. სხვა პრობლემებია გადასაჭრელი, რომ ოპოზიცია ჩაერთოს საარჩევნო რეფორმაში“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
კითხვაზე, რა არის მთავარი შენიშვნა „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმთან მიმართებით, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უბარიერო პროპორციული არჩევნებია.
„ჩვენი მთავარი წინადადება, როგორ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, არის უბარიერო პროპორციული არჩევნები დღეიდან, არა ერთჯერადი, არამედ ყოველთვის. თუ ეს პირობა იქნება დადებული, დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკოსი აღმოჩნდება პარლამენტში, ვინც დაუჭერს ამ რეფორმას მხარს და ჩვენ შევცვლით კონსტიტუციას. სანამ ეს არ მოხდება, არ მგონია, ჩვენი მოლაპარაკება წავიდეს წინ და მართლა მივიღოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები პოლიტიკურ გარემოში“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაქვიაშვილის თქმით, კომისიის მუშაობას მნიშვნელობა და ნდობა იმ შემთხვევაში ექნება, თუ მის მუშაობაში ოპოზიცია, პირველ რიგში კი „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს მონაწილეობას.
„თუ პოლიტიკური კრიზისი იქნება გადაჭრილი და ოპოზიცია შეუერთდება ამ კომისიას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა და ყველაზე დიდი წონა აქვს ოპოზიციურ ელექტორატის შორის, რა თქმა უნდა, ამ კომისიას ექნება მნიშვნელობა და ნდობა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ არ მგონია, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგმა ნდობა გამოიწვიოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებს, რაქვიაშვილის თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებებისთვის ჯერ არც ერთი მხარე არ არის მზად, რადგან არ არის ჩამოყალიბებული კომპრომისული პოზიციები.
„მე დიდი ხანია ველი მოლაპარაკებებს, მაგრამ სიტყვიერად თუ თავისი ქმედებით, ორივე მხარე ჯერ, მგონი, მაინც არ არის მზად ამ მოლაპარაკებებისთვის. არა არის გადადგმული ის ნაბიჯები და არ არის ჩამოყალიბებული ის პოზიციები, რომლებიც მართლა შეიძლება, იყოს კომპრომისული და მიგვიყვანოს ამ კრიზისის გადაჭრამდე. ჩვენ არაერთი ასეთი იდეა გავაჟღერეთ და ზოგადად, გაგვიხარდება, თუ ამ თემაზე დისკუსიები დაიწყება, პირველ რიგში ოპოზიციის მხარეს, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ ამგვარი შეხვედრა, მათ შორის ფასილიტატორის დახმარებით, უახლოეს მომავალში შედგება“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.