სანდრო რაქვიაშვილი - ადგილობრივ არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატების გარდა, არც ერთ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ
„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონების მერობის კანდიდატთა სიაში ბევრი პარლამენტარია.
მისივე თქმით, „გირჩი“ თავისი პარტიის კანდიდატების გარდა, არც ერთ სხვა კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
„რამდენად კარგი კანდიდატები არიან, საბოლოო ჯამში ამას შეაფასებს ამომრჩეველი და ახლა კონკრეტული პერსონების განხილვას აზრი არ აქვს. ჩემთვის ცოტა უცნაურია, რომ ბევრი პარლამენტარი ვნახე ამ სიაში. როგორც ჩანს, თუ მართლა მოგებას აპირებენ მერობის არჩევნებში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ძალიან შემცირდება. ვიცით, რომ სიები ჩახსნილია და დასამატებელი ხალხი არ ჰყავთ. ეს ცალკე პრობლემაა. იმედი მაქვს, იგივე გაუგებრობას არ მოაწყობენ, რაც თბილისში მოხდა, როცა, როგორც ჩანს, ამომრჩეველმა ორ პარტიას უნდა მისცეს ხმა ერთდროულად, რომ ის კომბინაცია, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ყურადღებას ამახვილებს, შედგეს. დანარჩენს ვნახავთ არჩევნებზე, ვინ როგორ დააფასებს. ჩვენ ბუნებრივია, მოვუწოდებთ ამომრჩეველს, რომ შემოხაზოს „გირჩი“. ამის იქეთ თუ რაიმე სურვილები აქვთ და რომელიღაც კანდიდატი მოსწონს, ეს მისი არჩევანი იქნება. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს, გარდა „გირჩის“ კანდიდატებისა, მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები გუშინ წარადგინა.