სანდრო რაქვიაშვილი - ჩალაძის განცხადება თუ სერიოზულია და „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ გაემიჯნა, მაშინ ეს ყოვლად დაუშვებელი განცხადებაა
ვიღაც ხომ მოიძებნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც იტყვის, რომ ჩალაძის ეს განცხადება სისულელეაო, ეს თუ მართლა სერიოზულად ნათქვამია და არავინ გაემიჯნა, მაშინ ყოვლად დაუშვებელი განცხადებაა, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეიძლება, გიორგი ჩალაძის განცხადება, „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“ აღვიქვათ ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოწოდებად.
„არ მგონია, რომ გიორგი ჩალაძის განცხადება მართლა სერიოზული განცხადება იყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ჩაატარეს, რომელზეც თქვეს, დემოკრატიის სტანდარტიაო და ფარსი იყო; მერე მიხეილ სააკაშვილს გამოვუშვებთო და კომიკური რაღაც დააანონსეს, შტაბებს გავხსნითო. თურმე შტაბები აკლდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ბრიუსელშიც გავხსნით შტაბსო, თუ რაღაც ასეთიც თქვეს. ეს ყველაფერი იმდენად კომიკურად გამოჩნდა, რომ ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, ლეგიტიმაცია მოიპოვონ და ასეთ უაზრო განცხადებებს აკეთებენ. სულ მცირე, ვიღაც ხომ მოიძებნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც იტყვის, ეს სისულელეაო, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთში? თუ ეს მართლა სერიოზულად ნათქვამია, სერიოზული განცხადებაა და არავინ გაემიჯნა, მაშინ ეს ყოვლად დაუშვებელი განცხადებაა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა სანდრო რაქვიაშვილს საქართველოს მიმართ ევროკომისიის დადებითი დასკვნის შესახებ ჰკითხა, არის თუ არა ეს დასკვნა სიგნალი იმისთვის, რომ ყველა აქტორმა ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით უნდა შეძლოს თანამშრომლობა და რის დასათმობად არის მზად პარტია „გირჩი“, რათა პოლარიზაცია დასრულდეს, რაზეც სანდრო რაქვიაშვილმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში კარგია ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი, არა მხოლოდ ევროკომისიის შეფასება, არამედ რომელიმე პოლიტიკური ლიდერის განცხადებაც კი საქართველოსთან მიმართებაში. ხოლო რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, რაქვიაშვილის განცხადებით, ამ პროცესისთვის „გირჩს“ არაფერი დაუკლია.
„რაც შეეხება 12 პუნქტს, რომელიც ამ პროცესში მართლა გადამწყვეტია, ჩვენი მხრიდან, მგონი, არაფერი დაგვიკლია. ჩვენ ხომ იმას გვეუბნებიან, პოლარიზაცია დაასრულეთო? იმას კი არ გვეუბნებიან, თქვენ რაღაც კანონი არასწორად დაწერეთო. მათ შორის, დიპლომატებს რომ ვხვდებით, გვეუბნებიან, თქვენ ჩხუბი არ დაასრულეთ და მაშინ ჩვენთან რა გინდათო. ანუ, შინაარსი ეს არის, რომ ევროპელებს არ უნდათ, თავის სახლში მიიყვანონ ის ადამიანები, რომლებიც სულ ჩხუბობენ და ვერ გაურკვევიათ, შიგნით რა ხდება, არ შეუძლიათ, ილაპარაკონ, რეფორმა ჩაატარონ. ჩვენ ხომ დიდი გზა უნდა გავიაროთ, რათა მათ სტანდარტებს, სასამართლოს, ეკონომიკას და ა.შ. დავეწიოთ და თუ ვჩხუბობთ, ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ პრობლემა ის არ არის, სად ვდგავართ. შეიძლება, ახლა უკეთეს ადგილზე ვდგავართ, ვიდრე მოლდოვა, მაგრამ მათ აინტერესებთ, რა პერსპექტივა გვაქვს და როგორ ვიმუშავებთ. ეს უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ, ჩემი მხრიდან, მე არ შემიძლია, პასუხი ვაგო დანარჩენ ოპოზიციაზე. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც ამბობს, პარლამენტი არალეგიტიმურიაო და პარლამენტში ზის; ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ შემდეგ ჩუმად ხვდება „ქართულ ოცნებას“ და იქ რაღაცას აკეთებს. მე ამ ხალხზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა პუნქტში. მათ შორის, სასამართლოს ნაწილში იუსტიციის საბჭოს წევრებზე რომ იყო საუბარი, ღიად ვთავაზობდით, რომ მხარს დავუჭერდით „ქართული ოცნების“ კანდიდატს და მათ ეყოფოდათ ხმები, რომ თავისი კანდიდატი გაეყვანათ, თუ დათანხმდებოდნენ, მაგალითად, ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს გაფართოებას, რაც, ჩვენი აზრით, სრულიად ლეგიტიმური კომპრომისი იყო“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ სამწუხარო შედეგი დადგა და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, საბოლოო სიტყვა ამომრჩეველზე იქნება, რომ შეაფასოს „ქართული ოცნებაც“, ოპოზიციური პარტიებიც და ისე შეცვალოს პოლიტიკური ველი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემა არ გაჩნდეს.