სანდრო რაქვიაშვილი - „ბიბისის“ გამოძიება საკმარისია, რომ პოლიტიკური შედეგები დადგეს, ოპოზიციას, ვინც კეზერაშვილთან თანამშრომლობდა, სერიოზული პრობლემა აქვს, მინიმუმ, უნდა გაემიჯნოს ამ სიტუაციას
სანდრო რაქვიაშვილი - „ბიბისის“ გამოძიება საკმარისია, რომ პოლიტიკური შედეგები დადგეს, ოპოზიციას, ვინც კეზერაშვილთან თანამშრომლობდა, სერიოზული პრობლემა აქვს, მინიმუმ, უნდა გაემიჯნოს ამ სიტუაციას

ჩემი აზრით, „ბიბისის“ გამოძიება ძალიან დამაჯერებელი იყო და საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკური შედეგები დადგეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას, ვინც კეზერაშვილთან თანამშრომლობდა, ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, რადგან, მინიმუმ, უნდა გაემიჯნოს ამ სიტუაციას.

„რაც მთავარია, თუ ეს გაგრძელდა და გააგრძელეს დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა, შეიძლება, ვთქვათ, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ, რადგან არ მჯერა, რომ ეს ქოლცენტრები ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, ყოფილიყო ხელისუფლების ჩართულობის გარეშე. თუ დავუშვებთ, რომ კეზერაშვილი ხელისუფლებასთან ამაში თანამშრომლობს და თან ოპოზიციას აფინანსებს, რა ოპოზიცია გამოდის ასეთი. ვინც არ გაემიჯნება, მგონი, არანაირი შანსი არ არის, რომ რეალურ ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ, რადგან „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, წამოაძახონ, რომ თაღლითების ფულით და ევროპელი პენსიონერების ფულით ფინანსდებიან. ასე რომ, საინტერესო შედეგები მოჰყვება ამ გამოძიებას ჩვენს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ გამოძიების შემდეგ ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც აღიარა, რომ ფინანსდებოდა კეზერაშვილის მიერ – დაწყებული „ნაციონალური მოძრაობით“ და დასრულებული ზურა ჯაფარიძით ან ელენე ხოშტარიით – ყველანი სერიოზული დილემის წინაშე დგანან, ან გააგრძელონ მუშაობა, ვითომ არაფერი ხდება და მაშინ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულ თამაშს თამაშობენ, ან, უბრალოდ, მკაფიოდ გაემიჯნონ, აღიარონ შეცდომა და სცადონ, ახლიდან დაიწყონ რეპუტაციული ზიანის შემდეგ პოლიტიკური აქტივობა. ასე რომ, კიდევ ძალიან დიდი გავლენები იქნება და პოლიტიკური ცვლილება, ოპოზიციურ ფლანგზე ბევრი რამ შეიცვლება ამ გამოძიების შემდეგ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.

მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.