სანდრო რაქვიაშვილი - არანაირი ტექნიკური მთავრობა არ გვეყოლება, ყველანაირი გაგებით სისულელეა, რეკომენდაციები შესასრულებელია პარლამენტის მიერ, მთავრობა არაფერ შუაშია
სანდრო რაქვიაშვილი - არანაირი ტექნიკური მთავრობა არ გვეყოლება, ყველანაირი გაგებით სისულელეა, რეკომენდაციები შესასრულებელია პარლამენტის მიერ, მთავრობა არაფერ შუაშია

არ ვიცი, ეს ყველაფერი რით დასრულდება, მაგრამ არანაირი ტექნიკური მთავრობა არ გვეყოლება. ყველანაირი გაგებით სისულელეა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა სამოქალაქო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორთა მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციები შესასრულებელია პარლამენტის მიერ.

„ვიდრე ვინმე არ ამიხსნის, რა შუაშია კულტურის მინისტრი ევროინტეგრაციაზე, მანამდე ამ მოთხოვნას მხარს ვერ დავუჭერ. ეს არის გაუაზრებელი იდეა, რომელიც ჯერ გაახმოვანეს და შემდეგ მისი დაცვა დაიწყეს. არ ვიცი, ეს ყველაფერი რით დასრულდება, მაგრამ არანაირი ტექნიკური მთავრობა არ გვეყოლება. ყველანაირი გაგებით სისულელეა. რეკომენდაციები შესასრულებელია პარლამენტის მიერ, მთავრობა არაფერ შუაშია. ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას ჰგონია, რომ თუ მთავრობა „დაითრია“, პარლამენტსაც გააკონტროლებენ, ეს ასე არ არის. რომც დავუშვათ, რომ მთავრობა ოპოზიციურია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის პირობებში გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი იქნება რამდენიმე კვირაში, პირველი კანონპროექტის შემოტანისთანავე. სახელმწიფო ბიუჯეტს ვინ შემოიტანს, ტექნიკური მთავრობა? თუ კონსენსუსია „ქართულ ოცნებასთან“ 12 რეკომენდაციაზე, 12 კანონი მივიღოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერი. კანონია დასაწერი, მისაღები და თუ კონსესუსია, ამით დასრულდება ყველაფერი. მინისტრები რომ გადადგებიან, იგივე მოადგილეები იქნებიან, იგივე დეპარტამენტების უფროსები, თუ ხალხი უნდა გაყარონ? – ამ ყველაფრის რეალიზაცია ტექნიკურად წარმოუდგენელია. თუ იმის არ გჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციებს შეუთანხმებ, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც უნდა გაიტანო და მაქსიმალური რესურსი დახარჯო, რათა ახალი არჩევნები ჩაატარო და ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.