სანდრო რაქვიაშვილი - არ შეიძლება, დაადანაშაულო ელჩი იმაში, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად ჩარია პოლიტიკურ პროცესში
„ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული გაურკვეველი დისკუსია დამაზიანებელია. არ შეიძლება, დაადანაშაულო ელჩი იმაში, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, როდესაც თავად ჩარიეს პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ მოსწონს, რომ ამერიკის ელჩთან ასეთი ურთიერთობა ყალიბდება.
„ელჩი არა მხოლოდ ჩავრიეთ, არამედ ვთხოვდით, რომ მედიატორი ყოფილიყო. ელჩებთან მივდივართ ხოლმე, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომ მათი პოზიცია გავიგოთ. მათი პოზიცია ჩვენს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ხშირად გადამწყვეტი ხდება. ბუნებრივია, რომ ისინი ჩვენს პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართულნი და როგორ შეიძლება, ამაში დაადანაშაულო? იმაშიც არ შეიძლება არ დაეთანხმო ელჩს, რომ ჩვენს არჩევნებში უამრავი პრობლემა იყო. შეფასებებში წერია, რომ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული და ა.შ. ერთადერთი, „კარუსელების“ ამბავი არაა დამტკიცებული, რისი მკაფიო მტკიცებულებაც არ იყო, მაგრამ ეს ტექნიკური დეტალია. არ მომწონს, რომ ამერიკის ელჩთან ასეთი ურთიერთობა ყალიბდება. თან დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ კელი დეგნანთან უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვს, ვიდრე მე. შესაბამისად, ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მასთან ეს საკითხები გაერჩიათ. როგორც ჩანს, ამას სპეციალურად არ აკეთებენ და უნდათ, ეს ყველაფერი საჯარო დისკუსიის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.