სანდრო რაქვიაშვილი - ანალენა ბერბოკის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ სტატუსზე უარს არ გვეუბნებიან და არსებობს პრობლემები, რომლის მოგვარებისთვის ვიზიტი იმართება
ანალენა ბერბოკის ჩამოსვლა კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ე.ი. სტატუსზე უარს არ გვეუბნებიან, ასევე ნიშნავს, რომ პრობლემები არსებობს, რომლის მოგვარებისთვის მაღალი რანგის ვიზიტი იმართება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ვიზიტის ფარგლებში ნახსენები იქნება სასამართლო რეფორმაც, რომელიც რეკომენდაციებს შორის საკვანძო საკითხია.
„გერმანია იმ ქვეყნებს შორის არის, რომელიც სკეპტიკურია, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გახსოვთ, სადაც ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გერმანია-საფრანგეთმა გააჩერეს. ვინაიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, როგორც ჩანს, ელჩების დონეზე ჩვეულებრივი კომუნიკაცია საკმარისი არ არის. მისი ჩამოსვლა კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ე.ი. სტატუსზე უარს არ გვეუბნებიან, რადგან მაშინ ჩამოსვლა არ იქნებოდა საჭირო, ასევე ნიშნავს, რომ პრობლემები არსებობს, რომლის მოგვარებისთვის მაღალი რანგის ვიზიტი იმართება. ეს ვიზიტი აჩვენებს, რომ ყველაფერი მთლად კარგად არ გვაქვს, მაგრამ უიმედო სიტუაციაშიც არ ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმასაც ახსენებენ, რადგან საკვანძო საკითხია და იმედია, მოუსმენენ. მართლა შესრულებას თუ დაიწყებენ, კანდიდატის სტატუსის შანსი გვექნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.