სანდრო რაქვიაშვილი - 2020 წლის არჩევნებისას ოპოზიციის მხრიდან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, მათ შორის ტაქტიკით, არგუმენტებით, „სამართლიან არჩევნებს“ ჰქონდა ამაში როლი, მაგრამ არ მგონია, გადამწყვეტი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ოპოზიციის მხრიდან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, მათ შორის ტაქტიკით, არგუმენტებით თუ დისკუსიით, „სამართლიან არჩევნებს“ ჰქონდა ამაში როლი, მაგრამ არ მგონია, გადამწყვეტი როლი ჰქონოდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, არჩევნები არ იყო ისე ჩატარებული, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არ გაჩენილიყო.
„მიზანი თუ არის, ეს შეცდომები აღარ დავუშვათ და ზოგადად გავიაროთ, რა მოხდა 2020-ის არჩევნების დროს და შემდეგ, ეს კარგია. მაგრამ არ მგონია, რომ ვინმეს გააჩნდეს უნარი, ასეთი სერიოზული პრობლემა, რომელიც გვქონდა რამდენიმე წლის წინ, განიხილოს, გაარჩიოს და გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მთელი საზოგადოება შეეგუოს. ამიტომ თუ არ გვინდა დამატებითი პოლარიზაცია და ჩხუბი, სამართლებრივად ამ საქმეს უნდა შევეშვათ. შეცდომები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაშვებული – ალბათ დაახლოებით დეკემბერში ყველასთვის ნათელი იყო, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმგვარი გაყალბების, რომ შეცვლილიყო არჩევნების შედეგი. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს აღიარებული ყოფილიყო და სხვა ჭრილში გადასულიყო მოლაპარაკებები და პოლიტიკური პროცესი, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეს აღიარება მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ამ შეცდომებზე კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ პასუხისმგებლობა ასაღები.
ამ საკითხში სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი ზედმეტია და ეს უნდა იყოს რეპუტაციული. მე მგონი, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულფასოვნად მიიღო რეპუტაციული კუთხით. მეტი რა უნდა უქნა ადამიანებს, კი, გვიან აღიარეს, ასე ცუდად აღიარეს, ცუდად მოიქცნენ ზოგადად, მაგრამ ეს რეპუტაციაზე აისახება და ჩვენს ქვეყანაში დიდხანს ემახსოვრებათ „სამართლიანი არჩევნების“ ეს შეცდომა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.