სანდრო მამუკელაშვილი - საქართველოს ნაკრების გასახდელში ყველა გაწბილებული იყო, როცა გაირკვა, რომ იანის ანტეტოკუნმპო ვერ ითამაშებდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი კლუბ „მილუოკი ბაქსს“ ორიოდე კვირის წინ შეუერთდა. ყოველი სეზონის დაწყების წინ NBA-ის გუნდები მედიისთვის ღია ვარჯიშს ატარებენ და ჟურნალისტებს ნებისმიერ კალათბურთელთან აქვს ინტერვიუს ჩაწერის საშუალება.
სანდრო მამუკელაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე ეროვნულ ნაკრებზე ილაპარაკა:
„საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან აკროპოლისის თასზე ითამაშა. იანის ანტეტოკუნმპო მე და თორნიკე შენგელიას უნდა აგვეყვანა. ვემზადებოდით. თუმცა, როგორ, ეს საიდუმლოა. როდესაც გაირკვა, რომ იანისი ვერ ითამაშებდა, საქართველოს ნაკრების გასახდელში ყველა გაწბილებული იყო.
მატჩის შემდეგ სახალისო სიტუაციაც შეიქმნა: მას მერე რაც ჩემმა თანაგუნდელმა ანტეტოკუნმპოს ხელი ჩამოართვა, წავიდა და კიდევ რიგში ჩადგა. ვკითხე – რას აკეთებ-მეთქი. მიპასუხა – იმდენად დაუჯერებელია, მინდა, მეორედ ჩამოვართვაო“.
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სეზონის პირველ საგამოფენო მატჩს 1 ოქტომბერს „მემფისთან“ გამართავს.